29/06/2022 – საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინიციატივით, ქალაქ ზუგდიდში, „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის – კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში” ფარგლებში, მონიტორინგის კომიტეტის (MC) პირველი შეხვედრა ჩატარდა.
მონიტორინგის კომიტეტის (MC) მთავარ მიზანს წარმოადგენს, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის საქმიანობის მონიტორინგი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ახალი ობიექტის მახლობლად მდებარე სამი სოფლის – ცაცხვის, ორულუს და დიდი ნეძის მოსახლეობის , წარმომადგენლები.
მონიტორინგის კომიტეტი ხელს შეუწყობს ნდობის ჩამოყალიბებასა და მდგრადი გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარებას დაინტერესებულ მხარეებს, საზოგადოებასა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას შორის, პროექტის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი ფაზა, მშენებლობა, ოპერირება, დახურვა და დახურვის შემდგომი მოვლა).
კომიტეტის პირველ შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლები და ახალი ობიექტის ასაშენებელი ადგილმდებარეობის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა.
კომიტეტის პირველი შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, წევრები დეტალურად გაეცნენ მონიტორინგის კომიტეტის ზოგად მიზნებს, კომპეტენციებსა და ამოცანებს. შეხვედრაზე, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები მონიტორინგის ფუნქციონირების შესახებ. ასევე, კომპანიამ გააცნო მონიტორინგის კომიტეტის კონცეფცია და შესთავაზა მოსაზრებების/წინადადებების წარმოდგენა, საზოგადოების საჭიროებების საინვესტიციო ღონისძიებებთან დაკავშირებით. კომიტეტის შემდეგ შეხვედრაზე დაგეგმილია მონიტორინგის კომიტეტის დებულების დამტკიცება და საინვესტიციო ღონისძიებების პრიორიტეტული სიის შედგენა.
“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II” (ISWM II) ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მოიცავს კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებისა და გადამტვირთავი სადგურების მოწყობასა და აღჭურვას; ასევე, არსებული ძველი ნაგავსაყრელების დახურვასა და მუნიციპალიტეტების მომარაგებას ქუჩის დასუფთავებისა და ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ტექნიკით.
ორივე რეგიონისთვის პროექტის ღირებულება შეადგენს ჯამში 30 მლნ ევრო სესხსა და 2 მლნ ევრო გრანტს. პროგრამის განმახორციელებლები არიან საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია CDM Smith (ადგილობრივ კომპანიებთან ერთად: Saunders Group და GEO) და Fichtner (ბერძნულ კომპანია Paseco-სთან და ადგილობრივ კომპანია PMCG-სთან ერთად).