სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენის განთავსების ობიექტის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გამოსცა

სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენის განთავსების ობიექტის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გამოსცა

15/02/2023 – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ “გარემოს ეროვნულმა სააგენტომ” 2023 წლის 7 თებერვალს სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გამოსცა. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II”-ის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოსაწყობად გარემოზე ზემოქმედების შეფასების  (გზშ) ანგარიში და  კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია, “გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების” მიღების მიზნით, სსიპ “გარემოს ეროვნულ სააგენტოში” 2022 წლის 1 აპრილს წარადგინა.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და მასთან დაკავშირებული დანართები იხილეთ ბმულზე.

მშენებლობა და ოპერირება განხორციელდება საერთაშორისო სტანდარდების შესაბამისად და საქართველოს კანონმდებლობის დაცვით.

გარემოზე ზემოქმედების შერბილების მიზნით განხორციელდება შემდეგი ძირითადი ღონისძიებები: 

  • ნიდაგისა და მიწისქვეშა წყლების დაცვის მიზნით, მოეწყობა საიზოლაციო (ზედა და ქვედა საიზოლაციო სისტემები) და სადრენაჟე სისტემები;
  • სუნისა და ნარჩენების მცირე ფრაქციების გაფანტვის თავიდან ასაცილებლად, აქტიურ უჯრედში შემოტანილი ნარჩენი ყოველდღიურად გადაიფარება საიზოლაციო ფენით, ადგილზე დამონტაჟდება აირების შემკრები სისტემა;
  • ნაჟური წყლები გაიწმინდება მაღალტექნოლოგიური “რევერსული ოსმოსის” სისტემის მეშვეობით.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ დაასრულა სამშენებლო ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო წინა მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის შემდგომ ეტაპს წარმოადგენს ობიექტის მშნებლობისთვის სამშენებლო ნებართვის მოპოვება და სამშენებლო კომპანიის შერჩევის მიზნით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება.   

ახალი, თანამედროვე, ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობა მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის გარემო  და  საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის.  პროექტის ფარგლებში დაიწყო მუნიციპალიტეტებისთვის საჭირო ნარჩენების შესაგროვებელი და დაგვა-დასუფთავების ტექნიკური აღჭრვილობის გადაცემის პროცესი, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბებას რეგიონში. ასევე, ნარჩენების გადამტვირთავი 3 სადგურისა და ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის მშენებლობის და ოპერირების ეტაპზე შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები ადგილობრივი მოსახლეობისთვის.  ახალი ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, არსებული (ძველი) ნაგავსაყრელები, სტანდარტების შესაბამისად ეტაპობრივად დაიხურება.  

“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II” საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

2023-02-15T14:54:26+00:00