ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

14/02/2023 – ქალაქ რუსთავში, “ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის” ფარგლებში,  ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, პროექტის მნიშვნელობაზე, უკვე განხორციელებულ სამუშაოებსა და პროექტის ფარგლებში  დაგეგმილ შემდგომ ნაბიჯებზე ისაუბრა. შეხვედრას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, ასევე,  მარნეულის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეები და სოფელ წინწყაროსა და შავსაყდარის მოსახლეობის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

პროექტის მიმდინარე ეტაპზე მომზადდა  ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში, რომლის საჯარო განხილვა მიმდინარე წლის 21 თებერვალს (21/02/2023) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროსა და შავსაყდარში გაიმართება.

პროექტი ითვალისწინებს რეგიონის 5 მუნიციპალიტეტისთვის თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკას, ბოლნისისა და დმანისისთვის ახალი რეგიონული ევროსტანდარტების შესაბამისს, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას და მის აღჭურვას ტექნიკური საშუალებებით. ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის მოწყობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობას ახალი სამუშაო ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემა. რეგიონში ეტაპობრივად დაიხურება არსებული ნაგავსაყრელები, რაც საერთო ჯამში გააუმჯობესებს მოსახლეობის საცხოვრებელ სანიტარულ ჰიგიენურ პირობებს.

პროექტი ხორციელდება  საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით .

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

2023-02-14T13:22:49+00:00