16/02/2017 მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა შეხვედრა გამართა გერმანიის განვითარების ბანკისა (KFW) და საკონსულტაციო კომპანიის (PEM) წარმომადგენლებთან.
დღევანდელი შეხვედრა ,, ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის’’ ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შეფასებასა და სამომავლო გეგმების, გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებას შეეხო.
შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება გერმანიის განვითარების ბანკისა (KFW) ფინანსური მხარდაჭერით. დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტი კომპანია “PEM კონსალტი” შეირჩა გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) სახელმძღვანელო პრინციპებისა და რეგულაციების შესაბამისად ჩატარებული ტენდერის შედეგად.
პროექტის საერთო ბიუჯეტი 26 მილიონ ევროს შეადგენს და ითვალისწინებს მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვას იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში. პროექტი მოიცავს იმერეთის რეგიონში ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას და ქუთაისში მოქმედი ძველი ნაგავსაყრელის დახურვას, ნარჩენების მოგროვების, ასევე ქუჩების დასუფთავების სისტემის გაფართოებასა და გაუმჯობესებას, ნარჩენების გადაზიდვის სისტემის დანერგვას და გადამუშავებას დაქვემდებარებული ნარჩენებისთვის სორტირების საწარმოს მოწყობას. პროექტის განხორციელების ვადებად განსაზღვრულია 2014-2019 წლები.