საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემა გაუმჯობესდება

საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემა გაუმჯობესდება

30/10/2018-საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და პროექტ  „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა – ქუთაისი“-ს ინიციატივით, საქართველოში ნარჩენების სეპარირების, შეგროვებისა და რეციკლირების სისტემის ეფექტურად დანერგვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი და მისი მოადგილე ირმა გურგულიანი, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) წარმომადგენლები თამარ კვანტალიანი და ვოლფგანგ მიულერი , ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, არასმთავრობო ორგანიზაციების, მუნიციპალიტეტებისა და სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს პროექტ „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა – ქუთაისის“ ფარგლებში „დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტის“ (AMC) ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევის შსახებ. კერძოდ, ქვეყანაში  ნარჩენების შეგროვების, სეპარირებულად შეგროვებისა და რეციკლირების სწორი სისტემის შემუშავების მიზნით, კვლევის საფუძველზე წარმოდგენილი სისტემის ეფექტური განხორციელების გზებზე.

პროექტი „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა – ქუთაისი“ ხორციელდება ქართულ-გერმანული ფინანსური თანამშრომლობით: KfW, ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდის გრანტით EU-NIFF და საქართველოს მთავრობის კონტრიბუციით. ინვესტიციის ოდენობა ჯამში  26 მილიონ ევროს შეადგენს.

პროექტის მიზანია 2015-2019 წლებში ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს. ახალი ნაგავსაყრელის ამოქმედების შემდეგ,  რეგიონში არსებულ სხვა ძველ ნაგავსაყრელებთან ერთად, დაიხურება ნიკეას ნაგავსაყრელიც. ახალი ნაგავსაყრელი მოემსახურება, დაახლოებით, 700 000 მოქალაქეს.

2018-10-30T12:37:02+00:00