06/02/2020 – „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის“ ფარგლებში, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ წარმომადგენლებს, საერთაშორისო პროექტების კონსულტანტებსა და მოწვეულ სტუმრებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა მიზნად რეგიონული ნაგავსაყრელების პროექტების კონსულტანტების მიერ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო აქტივობების დაგეგმვას ისახავდა.
მხარეებმა განიხილეს რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობის ადგილის შერჩევის დროს გამოვლენილი მთავარი გამოწვევები და ამ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების გზები.
„მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II“ კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელების მოწყობასა და არსებული ძველი ნაგავსაყრელების დახურვას ითვალისწინებს . დაგეგმილია ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ნარჩენების მართვის ახალი, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას, საცხოვრებელი და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
განხილვაში აქტიურად იყვნენ ჩართულები მოწვეული სტუმრები: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გერმანიის რეკონსტურციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენლები.