სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სკოპინგ ანგარიში

სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სკოპინგ ანგარიში

1/06/2020-„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების  ობიექტის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სკოპინგ ანგარიში გამოაქვეყნა. ობიექტის მშენებლობის პროცესში საზოგადოების ადრეულ ეტაპზე ჩართვის მიზნით, კომპანია  მზადაა მიიღოს რჩევები და შენიშვნები ყველა დაინტერესებული მხარისგან ანგარიშის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ოფიციალურად წარდგენამდე.  შემოსული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება პროექტის მიმდინარეობისას. სკოპინგის ანგარიშს, პრეზენტაციასა და კომენტარების გამოგზავნის ინსტრუქციას შეგიძლიათ გაეცნოთ საგანგებოდ შექმნილ ბმულზე და გამოგვიგზავნოთ შენიშვნების შევსებული ფორმა ფოსტაზე szs@waste.gov.ge.

სკოპინგი არის სამეგრელოში არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის  პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პირველი ეტაპი, რომელიც ხორციელდება საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად. სკოპინგის მიზანია ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის დიზაინისა და კომპონენტების სრული აღწერის წარდგენა, პროექტთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და სოციალური სამართლებრივი ჩარჩოს განსაზღვრა, ნეგატიური ზემოქმედების თავიდან აცილებისა და პოზიტიური ზემოქმედების გაძლიერების მიზნით საკითხების ადრეული წარმოჩენა. ასევე, დაინტერესებული მხარეების ადრეულ ეტაპზევე ჩართულობა, მათი შეხედულებების პროექტის განხორციელების პროცესში გათვალისწინების მიზნით. პროექტთან დაკავშირებული სხვა საკითხები სკოპინგის ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი.

პროექტი ასევე ითვალისწინებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნარჩენების გადამტვირთავი 3 სადგურის მოწყობას, რეგიონში არსებული ნაგავსაყრელების შესაბამისი სტანდარტებით დახურვასა და ნარჩენების განთავსების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, რეგიონული ობიექტის მშენებლობას.

არსებული ნაგავსაყრელის დახურვა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ახალი, თანამედროვე, ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობა მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის გარემო  და  საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის.  პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ ნარჩენების შესაგროვებელი ახალი აღჭურვილობა, რაც უფრო ეფექტურს გახდის  დასუფთავების სისტემას რეგიონში და გააუმჯობესებს სანიტარულ პირობებს. ასევე, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურებისა და ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის მოწყობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისთვის  დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდება.

პროექტი ხორციელდება „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II საქართველოს” (კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები) ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით და ითვალისწინებს  როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ სტანდარტებს. პროგრამის განმახორციელებელ გუნდს წარმოადგენენ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია CDM Smith (ადგილობრივ კომპანიებთან ერთად: Saunders Group და GEO) და Fichtner (ადგილობრივ კომპანიებთან ერთად: PMCG და Paseco).

2020-06-02T10:39:37+00:00