19/07/2021 – “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის“ (ISWM) პროექტის ფარგლებში, კახეთის რეგიონში, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია იწყებს “ინფორმირება – მოწვევა – ჩართვა” მიდგომის განხორციელებას, რომლის მთავარი მიზანია, ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტისთვის ადგილმდებარეობის შერჩევის პროცესში, საზოგადოების აქტიური ჩართვა.
სწორედ ამ მიდგომის ფარგლებში, გაიმართა რეგიონული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, პლატონ კალმახელიძე და გივი მეტრეველი, გურჯაანის მერი, არჩილ ხანდამაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პროექტის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
რეგიონული სამუშაო ჯგუფი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ, კახეთის რეგიონში საერთაშორისო კონსულტატნტების მხარდაჭერით შექმნა, ჯგუფმა ხელი უნდა შეუწყოს მუნიციპალიტეტებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობას, როგორც ზოგადად მუნიციპალური ნარჩენების მართვის საკითხებზე, ისე, საჭიროების შემთხვევაში, აქტუალურ კონკრეტულ თემებზეც. რეგიონული ჯგუფის თავმჯდომარეა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია. რეგიონული სამუშაო ჯგუფი მოიცავს მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს. რეგიონული სამუშაო ჯგუფი ზედამხედველობას გაუწევს დისკუსიებს და კომპანიას წარუდგენს საბოლოო რეკომენდაციას ახალი ობიექტის განთავსებისთვის, ყველაზე ოპტიმალური მდებარეობის შესახებ.
მყარი ნარჩენების მართვის (ISWM) პროექტი მიზნად ისახავს კახეთის რეგიონში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური პორბების გაუმჯობესებას, მყარი ნარჩენების მართვის სისტემის სრულყოფის გზით. ეტაპობრივად დაიხურება რეგიონში არსებული ძველი ნაგავსაყრელები და მათ ჩაანაცვლებს ახალი რეგიონული არსახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი, რომელიც ევროსტანდარტების შესაბამისად აშენდება. პროექტი ხორციელდება საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.
ახალი ობიექტისთვის საბოლოო ადგილმდებარეობის შერჩევამდე, პოტენციურ ლოკაციათან მცხოვრები მოსახლეობისგან შეგროვდება „სპეციფიური“ ინფორმაცია (ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, მიწათსარგებლობა, ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი ადგილები), რაც პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ, რეგიონული სამუშაო ჯგუფი შექმნის ადგილმდებარეობის შერჩევის კომიტეტს, რომელშიც ასევე შევლენ პოტენციური ლოკაციის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეები. კომიტეტის მთავარი მიზანია დეტალურად გააანალიზოს პოტენციურ ადგილმდებარეობებთან დაკავშირებული ყველა ასპექტი, მათ შორის განიხილოს ადგილობრივი თემების შესაძლო საჭიროებები და შემდეგ მონაწილეობა მიიღოს საბოლოო ადგილმდებარეობის შერჩევის გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ახალი ობიექტის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში საზოგადოებრივი ჩართულობა ასევე უზრუნველყოფილი იქნება რეგიონული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მონიტორინგის კომიტეტის დაარსების გზით. აღნიშნულ კომიტეტში შევლენ საბოლოოდ შერჩეული ადგილმდებარეობის მიმდებარედ მცოხვრები თემების/დასახლებების წარმომადგენლები. კომიტეტი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (მშენებლობა, ექსპლუატაცია/ოპერირება, დახურვა და დახურვის შემდგომი მოვლა) საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მონიტორინგის მექანიზმებს დააკვირდება და წარმოადგენს როგორც შერჩეული ლოკაციის სიახლოვეს განლაგებული თემების, ისე ფართო საზოგადოების ინტერესებს (სამეცნიერო წრეები, არასამთავრობო ორგანიზაციები).