გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ვიზიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არასახიფათო ნარჩენების განთავსების ახალ ობიექტზე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ვიზიტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არასახიფათო ნარჩენების განთავსების ახალ ობიექტზე

17/02/2022 – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” ორგანიზებით, კახეთის რეგიონისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ასაშენებელი, წინასწარი კვლევების შედეგად შერჩეული  სავარაუდო ადგილმდებარეობების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის წარმომადგენლებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი საერთაშორისო  სტანდარტების შესაბამისი, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი მოინახულეს.

აღნიშნული ვიზიტი გაიმართა კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს: კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობას, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურებისა და კახეთის რეგიონში კომპოსტირების საწარმოს მოწყობას, არსებული (ძველი) ნაგავსაყრელების დახურვასა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას.

მოსახლეობას  ობიექტის დათვალიერებისას, ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობისა და შემდგომ, მისი ოპერირების ძირითადი პრინციპები გააცნო აჭარის მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, ნოდარ კონცელიძემ და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა; ღონისძიებას ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომლები და პროექტის დამხმარე ღონისძიებების საკონსულტაციო  კონსორციუმის წარმომადგენლები.

ღონისძიების ფარგლებში გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, მოსახლეობას შეეძლო დაესვა ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლისა და სამომავლო ოპერირების შესახებ ყველა სახის შეკითხვა და დაეთვალიერებინა თანამედროვე ინფრასტრუქტურა.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა და აჭარის მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებმა ვიზიტის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მახასიათებლების, სპეციფიკისა და სტანდარტების შესახებ.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

2022-02-17T13:59:01+00:00