არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების აშენების შემდეგ ძველი ნაგავსაყრელები დაიხურება

არასახიფათო ნარჩენების განთავსების რეგიონული ობიექტების აშენების შემდეგ ძველი ნაგავსაყრელები დაიხურება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა ზუგდიდში არსებული ძველი ნაგავსაყრელი და ახალი  რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ასაშენებელი ტერიტორია დაათვალიერა.

დაგეგმილი ახალი ობიექტის მშენებლობის საპროექტო კონცეფცია ინფრასტრუქტურის  მინისტრის მოადგილეს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა გააცნო.

„მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II – კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთისთვის” ფარგლებში, ზუგდიდში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის დაწყება  მიმდინარე წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი.

რეგიონში ასევე, მოეწყობა ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელი,  მუნიციპალიტეტები კი აღიჭურვება ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ტექნიკით.

ახალი ობიექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული ყველა ძველი ნაგავსაყრელი სტანდარტების შესაბამისად ეტაპობრივად დაიხურება.

ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვის გზით, პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში სანიტარულ-ჰიგიენური და საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

პროექტი ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოსთან გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში.

პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტები არიან CDM Smith Europe და მისი ადგილობრივი პარტნიორები Saunders Group (საქართველო) და GEO (საქართველო).

2022-02-18T19:29:57+00:00