პროექტის – “ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის” – ფარგლებში, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” ინიციატივით, რეგიონული სამუშაო ჯგუფის (RWG) პირველი შეხვედრა გაიმართა.
რეგინულ სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი ხელისუფლების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლები. აღნიშნული შეხვედრები ონლაინ რეჟიმში გაიმართა და სულ 12 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
რეგიონული სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო; კომპანიამ მონაწილეებს გააცნო მყარი ნარჩენების მართვის არსებული და დაგეგმილი სისტემები, ასევე მიაწოდა ინფორმაცია ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ადგილმდებარეობის შერჩევის ტექნიკური ანგარიშის შესახებ და მოისმინა სამუშაო ჯგუფის წევრების მოსაზრებები.
კომპანიამ მონაწილეებს ასევე გააცნო რეგიონული სამუშაო ჯგუფის ფუნქცია/მოვალეობები; შეხვედრაზე, დამატებით განხილული იყო დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის დაგეგმილი ღონისძიებები, რაც მოიცავს ადგილობრივ მოსახლეობის ინფორმირებასა და მონიტორინგის კომიტეტის ჩამოყალიბებას.
შეგახსენებთ, რომ პროექტი ითვალისწინებს რეგიონის 5 მუნიციპალიტეტისთვის(თეთრიწყარო, მარნეული, წალკა, ბოლნისი და დმანისი) ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობასა და აღჭურვას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.