საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებმა, კონსულთანტებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრები გამართეს.
შეხვედრები პროექტ “ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენები: ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის” ფარგლებში ჩატარდა; აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების 2 ობიექტისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელის მოწყობას.
გორის მუნიციპალიტეტში, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის ასაშენებელი ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის, ქალებისა და ახალგაზრდების ფოკუს ჯგუფების შეხვედრებზე მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მიმდინარეობისა და ახალი ობიექტის ასაშენებელი ტერიტორიის ადგილმდებარეობის შერჩევის პროცესის შესახებ.
ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო განხილვის პროცესში, მათ საშუალება ჰქონდათ, დაეფიქსირებინათ საკუთარი მოსაზრებები, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ კომპეტენტური პასუხები კომპანიის წარმომადგენლებისგან.
ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, რეგიონული ობიექტები სრულად ჩაანაცვლებს რეგიონში არსებულ ძველ ნაგავსაყრელებს, რომლებიც სტანდარტების შესაბამისად დაიხურება. შედეგად, რეგიონებში მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა, ხელს შეუწყობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას.
ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.