ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

13/10/2022 – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი 1100-ლიტრიანი 1104 კონტეინერი და ქუჩის 568 ურნა გადასცა. ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ზუგდიდის, წალენჯიხის, მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტებისთვის 4 ერთეული 20 მ3-ის მოცულობის ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური მანქანების გადაცემა.

ახალი აღჭურვილობა საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორ, გიორგი შუხოშვილთან ერთად დაათვალიერეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ნინო ვიბლიანმა, ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენლებმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის“ ფარგლებში დამატებით ეტაპობრივად, გეგმის მიხედვით, აღიჭურვებიან სხვადასხვა ზომის კონტეინერებით, სპეციალური მანქანებით, უნიფორმებითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით.

ამასთანავე, დაგეგმილია ქ. ზუგდიდის აღჭურვა, ქაღალდის/მუყაოს სორტირებისა და სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტის ფარგლებში, კონტეინერებითა და სორტირებისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკით.

პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

2024-02-01T10:28:55+00:00